LIVE

საქართველოში სავალუტო ფონდის $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია

17 ივლ 202312:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 905
საქართველოში სავალუტო ფონდის $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მიმოხილვა შეჩერებულია. 

„ბიზნეს ფორმულას“ ინფორმაციით, პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი. საკითხზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში მყოფ სავალუტო ფონდის მისიას პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების შემდეგ, ანგარიში დასამტკიცებლად ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოსთვის არ გადაუცია. სწორედ ეს დასტურია საჭირო, რომ ქვეყანამ თანხა მიიღოს. ამასთან, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას ამ ეტაპზე არ გეგმავდა. 

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცების პროცესის გაჭიანურებაზე სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის უახლეს ანგარიშშიცაა საუბარი: „როგორც ჩანს, ბორდის მიერ მეორე მიმოხილვის დამტკიცება გადაიდო, ნაწილობრივ სებ-ის მართვის სტრუქტურის ცვლილებაზე უთანხმოების გამო“,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. ფონდი ასევე მიიჩნევდა, რომ საკითხზე პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაეძლია. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებდა, თუმცა სავალუტო ფონდის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საბოლოოდ კი, სებ-ში "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა. ამჟამად სწორედ ის ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას.