LIVE

ისრაელი სამხედრო ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს

19 ივლ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
ისრაელი სამხედრო ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდასხმებისთვის სამიზნეების შესარჩევად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. ამას გარდა, ისრაელი ხელოვნურ ინტელექტს საბრძოლო ლოჯისტიკის ორგანიზების მიზნითაც გამოიყენებს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისრაელის მთავარ კონკურენტ ირანთან, მნიშვნელოვნად იმატებს. 

ისრაელი უკვე ორი ტიპის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს: მათგან პირველი საჰაერო თავდასხმების სამიზნეებზე ინფორმაციებს აგროვებს; ხოლო მეორე, სახელად Fire Factory, უკვე არჩეულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის საჭირო და ოპტიმალურ თვითმფრინავებს, დრონებსა თუ სხვა სამხედრო მასალებს ირჩევს; გასცემს რეკომენდაციებს და ადგენს თავდასხმის განრიგებს. 

ტექნოლოგიების მომხრეები მიიჩნევენ, რომ მაღალგანვითარებული ალგორითმები მალე ადამიანის შესაძლებლობებს გადააჭარბებს, რაც სამხედრო მოქმედებებში მსხვერპლთა რაოდენობას შეამცირებს.

მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავს ტექნოლოგიებს, რომელთაც უფრო და უფრო ნაკლებად სჭირდებათ ადამიანისგან მართვა, პოტენციურად გამანადგურებელი შედეგები შესაძლოა ჰქონდეთ. 

"თუ ხელოვნური ინტელექტის გამოთვლები არასწორია ან ლოგიკურად არ იხსნება, ვის უნდა დაბრალდეს ეს შეცდომა? თქვენ შესაძლოა ამით ერთი მთლიანი ოჯახი შეცდომით გააქროთ," - აღნიშნა ტალ მირმანმა, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ლექტორმა. 

აღსანიშნავია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში, რომელიც კონფლიქტის ერთ-ერთი ცხელი კერაა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს. 2021 წლის 11-დღიან კონფლიქტს ღაზაში მათ მსოფლიოს პირველი "ხელოვნური ინტელექტის ომიც" კი უწოდეს. გარდა ამისა, ისრაელი საჰაერო იერიშებს სირიასა და ლიბანის მიმართულებითაც ახორციელებს.