LIVE

კალაძე: 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება

12 ივლ 202313:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 333
კალაძე: 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2023-2029 წლებში თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია და მოდერნიზება მოხდება.

კალაძის განმარტებით, პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უკვე გამოყო 55.6 მლნ ევრო. აქედან 50.6 მლნ ევრო სესხია, 5 მლნ ევრო კი - გრანტი.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ EBRD-ის მხარდაჭერით შეირჩა კონსულტანტი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.

„მეტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება „სადგურის მოედნის“ მესამე ამოსასვლელის 3 ესკალატორი. განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა. მათ შორის, რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები. „სადგურის მოედნის“ კვანძზე დამონტაჟდება 2 ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის შედეგად, მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება.

„რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟე სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები,  უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EGIS-მა 12 მეტროსადგურის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მოამზადა.