LIVE

როგორ იყენებს ბიზნესი დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებას - შედეგები

05 ივლ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 766

დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირში სხვადასხვა ტიპის სამრეწველო და ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული შეთანხმების შედეგად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი გაორმაგებულია.

თუმცა როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა, ჯერჯერობით სექტორების მხოლოდ ნაწილი იყენებს შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული სამრეწველო პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადის.

„აღსანიშნავია, რომ ტექსტილის ინდუსტრიაში კომპანიებმა უკვე დაიწყეს დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობით სარგებლობა და 2022 წელს ევროკავშირში ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი ორჯერ იყო გაზრდილი. ეს რა თქმა უნდა, დიდწილად სწორედ იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში თურქული ნედლეულით ნაწარმოები სამრეწველო პროდუქცია უკვე პირდაპირ გადის ევროკავშირში. დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა სექტორებიც გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. 2022 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ტექსტილის გარდა დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებით სარგებლობის პოტენციალია ისეთი პროდუქციის მიმართულებითაც როგორიცაა შესაფუთი მასალები, პლასტმასის ნაწარმი, ალუმინის ნაწარმი და ა.შ.“, - განაცხადა მარიკა გაბუნიამ "ბიზნეს ფორმულასთან".

როგორც თავად ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, იმისთვის, რომ კომპანიებმა დიაგონალური კუმულაციის პოტენციალი უკეთ აითვისონ, აუცილებელია მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერა და რიგი ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება.

„ამ ეტაპისთვის შეთანხმებას საკმაოდ აქტიურად იყენებს ტექსტილის ინდუსტრია, თუმცა მაგალითად ჩვენი დარგის, სამშენებლო მასალების ინდუსტრიის მიმართულებით ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. გამოწვევები კომპლექსურია, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა, მეორე მხრივ კი თავად კომპანიების მზაობა. ამიტომ აუცილებელია მთავრობის მხრიდან მეტი ხელშეწყობა ექსპორტის მხარდაჭერის ნაწილში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და არის გარკვეული მზაობა, რომ ჩვენი დარგიც მოხვდეს აწარმოე საქართველოს პროგრამების პრიორიტეტებში. ეს კი მეტ საშუალებას მისცემს ჩვენს კომპანიებს, უფრო აქტიურად ისარგებლონ ამ დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობით", - განუცხადა "ბიზნეს ფორმულას" სამშენებლო მასალათა მწარმოებლების კლასტერის წარმომადგენელმა, ავთანდილ კრავეიშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადის.