LIVE

Twitter-ს კონკურენტი გამოუჩნდა - Meta ახალ აპლიკაციას უშვებს

05 ივლ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 496
Twitter-ს კონკურენტი გამოუჩნდა - Meta ახალ აპლიკაციას უშვებს

Meta ახალ აპლიკაციას სახელად Threads უშვებს, რომელიც 6 ივლისიდან ამოქმედდება. სოციალურ ქსელს, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ, Twitter-ის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრებენ. Thread-ი Apple-ის App Store-ში უკვე იძებნება, აპლიკაციის აღწერაში კი ვკითხულობთ - "ადგილი, სადაც საზოგადოება იკრიბება, რათა განიხილოს ყველაფერი, რაც დღეს აინტერესებთ და ის, რაც ხვალ იქნება ტრენდული".

App Store-ში გამოქვეყნებული აპლიკაციის ფოტოებიდან ჩანს, რომ  Threads-ი Twitter-ის მსგავსად ტექსტზე დაფუძნებული პოსტებით იმუშავებს, რომელთა მოწონება, დაკომენტარება და გაზიარება იქნება შესაძლებელია. მომხმარებლები შეძლებენ ახალი აპლიკაციის თავის Instagram პროფილთან სინქრონიზებას და შესაბამისად, გამომწერებისა და გამოწერილი პროფილების შენარჩუნებას.

Meta ცდილობს Twitter-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟით ისარგებლოს. მას შემდეგ, რაც Twitter-ი ილონ მასკმა შეიძინა, მომხმარებლები აპლიკაციის ცვლილებებით იმედგაცრუებულები არიან და ალტერნატივას ეძებენ. მიზეზი კი ისეთი ცვლილებებია, როგორებიცაა კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შესუსტება და ვერიფიცირებული პროფილებისთვის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის დაწესება. ასევე გაჩნდა პრობლემა საიტის სანდოობასთან დაკავშირებით. ბოლო ცვლილება Twitter-მა ამ შაბათს მიიღო, რაც არარეგისტრირებული პირებისთვის პოსტების ნახვის შეზღუდვას გულისხმობს. ილონ მასკი აღნიშნავს, რომ სიახლე „დროებითი ნაბიჯია“.

Twitter-ს აქამდეც ჰყავდა კონკურენტები Mastodon-ის და Bluesky-ის სახით, თუმცა ძლიერი კონკურენციის გასაწევად მათი ქსელი ჯერ კიდევ პატარაა. მეორე მხრივ, Instagram-ი დიდი ხანია აანონსებს თავის ახალ აპლიკაციას და მისი პოპულარობის გაზრდაზე წინასწარ იზრუნა ცნობილი ადამიანებისა და ინფლუენსერების ჩართულობით.

Meta-ს კონკურენტი პლატფორმებისგან იდეების გადმოღების დიდხნიანი ისტორია აქვს. ერთ-ერთი ასეთია Facebook-ის და Instagram-ის „stories”, 24 საათიანი პოსტები, რომელიც Snapchat-იდან არის აღებული. 2016 წლიდან Meta-ს აპლიკაციებში უფრო მეტი ადამიანი იყენებს ამ ფუნქციას, ვიდრე Snapchat-ზე. მეორე ცნობილი ფუნქცია „reels” ანუ  მოკლე ვიდეოებია, რომელიც TikTok-ის ანალოგიაა. ეს ფუნქცია Facebook-სა და Instagram-ზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

კომპანიის მიერ აპრილში გამოქვეყნებული მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში  3 მილიარდზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს Meta-ს მინიმუმ ერთ აპლიკაციას - Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს შორის.