LIVE

Coinbase-მა დავა განაახლა - დააბრუნებენ თუ არა ქართველი ტრეიდერები თანხას?

03 ივლ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 509
Coinbase-მა დავა განაახლა - დააბრუნებენ თუ არა ქართველი ტრეიდერები თანხას?

Coinbase-მა ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ დავა განაახლა და კვლავ თანხის დაბრუნებას ითხოვს. ამერიკის უმსხვილესი კრიპტო ბირჟა 200-ზე მეტ ტრეიდერს 15 ივლისამდე მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს.

საქართველოში Coinbase-ის ინტერესებს იურიდიული კომპანია "ბი ჯი აი ლეგალი" იცავს. კრიპტო ბირჟა ყველანაირად ცდილობს ხარვეზის შედეგად დაკარგული თითქმის 100 მილიონი დოლარი ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. ეს საქმე კი სულ უფრო პრეცედენტული ხდება, რადგან როგორც ირკვევა, კრიპტობირჟის ქართველ მომხმარებლებს შორის მთავრობის მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსებიც არიან. 

კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, რომ ქართველ მომხმარებლებს მოდუნების საშუალება არ აქვთ, მათი აზრით, უმჯობესია ბირჟასთან ითანამშრომლონ და საქმე სასამართლომდე არ მიიყვანონ. თუმცა, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საკმაოდ კომპლექსური დავაა და Coinbase-ი ასე მარტივად ვერ მოიგებს, რადგან რეგულაციების თანახმად, ამერიკაში დაფუძნებულ ბირჟას სამართლებრივი დავის დაწყება აშშ-ში შეუძლია და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში. 

"ქართველი მომხმარებლების ადგილას ასე მშვიდად მაინც არ ვიქნებოდი, Coinbase-ის შემობრუნება ნიშნავს, რომ ყველაფერს სამართლებრივი ქმედებები მოჰყვება, ამიტომ მოპასუხე მხარე სასამართლო დავისთვისაც მზად უნდა იყოს. უმჯობესია, თუ მომხმარებლები გაერთიანდებიან და საერთო, შეჯერებული პოზიცია, არგუმენტაცია ექნებათ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2022 წლის 30 აგვისტოს Coinbase-ზე მომხდარ ტექნიკურ ხარვეზს, რომლის საშუალებითაც, ქართველ ტრეიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნებისმიერი კრიპტოვალუტა 100-ჯერ უფრო ძვირად გაეყიდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ქართველი მომხმარებლების რაოდენობა 200-ს აღემატება, ხოლო ამ გზით მიღებული თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღწევს. ქართველი ტრეიდერების ნაწილმა თანხის საკუთარ ანგარიშებზე გადმოტანაც შეძლო, ბანკებმა ამ მომხმარებლებს ანგარიშები მომენტალურად გაუყინეს, თუმცა მოგვიანებით, მათ თანხებზე წვდომა აღუდგათ.