სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა 7.5% იყო.
მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ 5 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 18.6%-ით, ხოლო იმპორტი - 19.1%-ით.
მხოლოდ მაისში საქართველოში, 6 664 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით შემცირდა.
მაისში, წლიურად 5.2%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 241 მლნ ლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5%-ზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. ასევე 4.5%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB). Galt & Taggart-ი კი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ მაისში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ზაფხულის ბოლოს, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას გეგმავს. მისი შეფასებით, არსებული 5%-იანი პროგნოზი, დიდი ალბათობით გაიზრდება.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო.
გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა, რამდენადაც იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.