LIVE

Wizz Air უფასო ონლაინ რეგისტრაციის დროს ამცირებს

07 ივნ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
Wizz Air უფასო ონლაინ რეგისტრაციის დროს ამცირებს

უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი უფასო ონლაინ რეგისტრაციის დროს ამცირებს.

12 ივნისიდან რეგისტრაცია და ჩასხდომის ბარათის მიღება დაგეგმილ რეისამდე 24-დან 3 საათამდე იქნება შესაძლებელი. დღეს მოქმედი წესით უფასო ონლაინ რეგისტრაციისთვის მგზავრებს მეტი დრო - 48-დან 3 საათამდე აქვთ.  

სიახლის შესახებ გაფრთხილება ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოჩნდა.

სიახლე ეხება ყველაზე დაბალფასიანი ბილეთების მფლობელებს, რომლებსაც თვითმფრინავში დასაჯდომი ადგილის შერჩევაში თანხა არ გადაუხდიათ. ისინი, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ, რეგისტრაციის გავლას კვლავ ფრენამდე 30 დღიდან 3 საათამდე დროის მონაკვეთში შეძლებენ. 

მგზავრებს, რომლებიც უფასო ონლაინ რეგისტრაციით არ ისარგებლებენ, აეროპორტში შემოწმებისა და ჩასხდომის ბარათის მისაღებად 40 ევროს გადახდა მოუწევთ.

ამ დროისთვის Wizz Air-ი საქართველოში რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან 3 ბაზირებული ხომალდით ასრულებს. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 683 000 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისიდან ჯამურად, Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.