
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა.
დღეს გამართულ აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც მხოლოდ 17 100 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს წელს ეროვნული ბანკის პირველი სავალუტო აუქციონია, რომელიც 1 ივნისს ლარის მკვეთრ გაუფასურებას მოჰყვა. კერძოდ, პირველი ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 4.24 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6396 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 5.45 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8278 ლარი გახდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის I კვარტალში BMatch პლატფორმის საშუალებით 460.5 მილიონი დოლარი იყიდა. 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობამ 5 003 820 400 დოლარი შეადგინა, რაც აპრილში კიდევ გაიზარდა, რამდენადაც აპრილში ეროვნულმა ბანკმა რეკორდული რაოდენობის თანხა, 322.4 მილიონი დოლარი შეისყიდა.