TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების თანახმად, აპრილში საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეში ეროვნულმა ბანკმა რეკორდული რაოდენობის თანხა, 322.4 მლნ დოლარი შეისყიდა.
Galt & Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით კი, 2023 წლის იანვარ-აპრილში სებ-მა სულ 782.9 მლნ დოლარი იყიდა.
ამასთან, TBC Capital-ში აცხადებენ, რომ თუ მანამდე ლარის დეპოზიტების ზრდა ჭარბობდა და ეს ფაქტორი, სავალუტო შემოდინებებს მიღმა, გამყარების მიმართულებით დამატებით ზეწოლას ქმნიდა, მაისში საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა.
„აპრილში სებ-მა რეკორდულად მაღალი ოდენობის, 322.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როდესაც მაისის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება იმის ინდიკაცია, რომ ამ მხრივ შემცირებას აქვს ადგილი. ამასთან, ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, თუ მანამდე ლარის დეპოზიტების ზრდა პრევალირებდა და ეს ფაქტორი, სავალუტო შემოდინებებს მიღმა, გამყარების მიმართულებით დამატებით ზეწოლას ქმნიდა, მაისში უკვე საპირისპირო ტენდენცია იკვეთება.
ჯერჯერობით, სესხების კუთხით ანალოგიური ინფორმაცია არაა გამოქვეყნებული, თუმცა ჩვენი აზრით, აქაც უკვე სესხების ლარიზაციის მატებას ექნებოდა ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, ეს ფაქტორი, რასაც ე.წ. შოკის გამაძლიერებელი შეიძლება ეწოდოს, ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა“, - აღნიშნულია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.
კვლევით ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობა არ დაფიქსირდება.
„რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით? ჩვენი აზრით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ უფრო ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას. ამასთან, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საშუალო კურსის გრძელვადიანი ტენდენციიდან და ინფლაციის პროგნოზიდან გამომდინარე, ლარის მცირე, თუმცა როგორც ჩანს მაინც გაუფასურების მიმართულებით შესწორება საბაზო სცენარია. ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება“, - აცხადებენ TBC Capital-ში.