LIVE

მარტში ევროკავშირს თავშესაფრისთვის საქართველოდან 2 598-მა ადამიანმა მიმართა

01 ივნ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 435
მარტში ევროკავშირს თავშესაფრისთვის საქართველოდან 2 598-მა ადამიანმა მიმართა

მარტში ევროკავშირს თავშესაფრისთვის 92 000-მა ადამიანმა მიმართა.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, თებერვალთან და ასევე გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. 

მარტში საქართველოდან 2 598 განაცხადი შევიდა და საერთო რაოდენობის 3% შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი განაცხადი, მთლიანი რაოდენობის 38%, გერმანიაში შევიდა, 29% კი - საფრანგეთში. მას 13%-ით იტალია მოსდევს. 

სააგენტოს მონაცემებითვე, იანვარ-მარტში განაცხადი პირველად 6 612-მა ქართველმა შეავსო. განმეორებითი განაცხადების ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

ამ პერიოდში ლტოლვილის სტატუსი მსურველების 2%-მა მიიღო. ამასთან, იანვარში სუბსიდიარული დაცვის სტატუსი 3%-ს, თებერვალ-მარტში კი 2%-ს ერგო.

2015-2016 წელს ე.წ. ლტოლვილების კრიზისის შემდეგ, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 2023 წლის მარტის დონეს მხოლოდ ოთხჯერ გადააჭარბა. ოთხივე შემთხვევა გასულ 6 თვეში დაფიქსირდა. ეს ბლოკის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლების ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს. 

ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა გასულ წელს საქართველოდან, 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა.