
2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19%-ით, 1 453.8 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ერთ სულზე 18.6%-ით გაიზარდა 432.7 ლარამდე.
შინამეურნეობების შემოსავლების ძირითადი წყაროა ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები.
ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9%-ით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4%-ით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ხარჯებს, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა გასულ წელს 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3%-ით მეტია.
საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 22%-ით გაიზარდა და 1 413.6 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 21.7%-ით გაიზარდა და 420.7 ლარს გაუტოლდა.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯები ქალაქის ტიპის დასახლებებში 19.2%-ით გაიზარდა 951.5 მილიონ ლარამდე, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 22.2%-ით გაიზარდა და 600.4 მილიონი ლარი შეადგინა.
სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს.