LIVE

რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკრობანკებს - სებ-მა პროექტი შეიმუშავა

23 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 473
რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკრობანკებს - სებ-მა პროექტი შეიმუშავა

ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკებისთვის მარეგულირებელი აქტების პროექტების ნაწილი შეიმუშავა.

სებ-ის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩო იმ მოთხოვნებს მოიცავს, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებმა მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად უნდა დააკმაყოფილონ.

კერძოდ, მიკრობანკებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა ბანკებზე 5-ჯერ ნაკლები, 10 მლნ ლარი იქნება, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის მოცულობა 100 ათასი ლარით განისაზღვრა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა განაცხადა, მიღმა ამ მოთხოვნებისა, ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტებს ისეთი პირობების დაკმაყოფილებაც მოუწევთ როგორიცაა ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები, კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები და ა.შ.

ამასთან, როგორც სებ-ში აღნიშნავენ, მიკრობანკებს კომერციული ბანკების მსგავსად, ეროვნული ბანკის ფინანსურ რესურსზე, მათ შორის რეფინანსირების სესხებზეც ექნებათ წვდომა.

„მიღმა საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის და სალიცენზიო მოსაკრებლისა, მიკრობანკებს ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ როგორიცაა კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები და კაპიტალის ბუფერები. რიგ შემთხვევაში, მიკრობანკებისთვის განსაზღვრული ნორმები უფრო დაბალია, ვიდრე ბანკებისთვის დაწესებული მოთხოვნები. რაც შეეხება ფინანსურ რესურსებზე წვდომას, აქ ზოგადი მიდგომა იქნება და როგორც ბანკებს აქვთ წვდომა ეროვნული ბანკის მონეტარულ ინსტრუმენტებზე, ისეთივე შესაძლებლობა ექნებათ მიკრობანკებსაც. საუბარია იმაზე, რომ ეროვნულ ბანკში საკრედიტო პორტფელის დაგირავების შემთხვევაში მათაც გაუჩნდებათ რეფინანსირების სესხებზე წვდომა. დამატებითი მარეგულირებელი აქტების პროექტები მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოიცემა, რომლითაც უშუალოდ დაფინანსების ინსტრუმენტებზე წვდომის საკითხიც დარეგულირდება“, - განაცხადა ირმა ლოხიშვილმა.

ცნობისთვის, ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციებს, მიკრობანკებს 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის გაცემის უფლება ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მიკრობანკები 15 ათას ლარამდე მოცულობის დეპოზიტების მოზიდვას შეძლებენ, ასევე მათ მომხმარებლებისთვის ანგარიშების გახსნის უფლება ექნებათ.

მიკრობანკად გარდაქმნის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ და მოლოდინია, რომ ბაზარზე ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოჩნდებიან.