LIVE

პარლამენტში მიკრობანკების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო - სექტორს შენიშვნები აქვს

14 ოქტ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
პარლამენტში მიკრობანკების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო - სექტორს შენიშვნები აქვს

პარლამენტმა მიკრობანკების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო და მოსალოდნელია, რომ ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციები ბაზარზე მომავალი წლის ბოლოდან გამოჩნდებიან.

თუმცა მანამდე შესაბამისი ლიცენზიის მსურველ კომპანიებს პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები რჩებათ. კერძოდ, პროექტის არსებული რედაქციის მიხედვით, მიკრობანკები სესხების გაცემას მხოლოდ ლარში შეძლებენ. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე შეზღუდვა მათ კომერციულ ბანკებთან მიმართებაში არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენებს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ MBC-ის დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა განუცხადა, იმისთვის, რომ საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების გამოჩენის შემდეგ კონკურენცია რეალურად გაიზარდოს, აუცილებელია, სექტორის ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებში ჩადგეს და შესაბამის საკითხს სექტორის წარმომადგენლები უკვე კანონპროექტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის განხილვებზე დააყენებენ.

„ბაზარზე მიკრობანკების შემოსვლის მიზანი კონკურენციის გაზრდაა, რომ შედეგად მომხმარებლებისთვის უფრო ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთები მივიღოთ. იმისთვის რომ მიკრობანკებმა კომერციული ბანკებისთვის კონკურენციის გაწევა შეძლონ, აუცილებელია მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება. თუკი ეს შეზღუდვა შენარჩუნდება და ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციებს არ მიეცემათ უფლება სესხი უცხოურ ვალუტაში გასცენ, გამოდის, რომ პოტენციური მომხმარებლების ნაწილი სესხის ასაღებად კვლავაც ბანკებს მიმართავს. მიკრობანკები კი წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნას და მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლებაც მიეცეთ“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

ეროვნულ ბანკში კი მიკრობანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებულ შეზღუდვას მსესხებლების სავალუტო რისკისგან დაცვის მოტივით ხსნიან. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე მიკრობანკების ძირითად პოტენციურ მომხმარებლებად მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები განიხილებიან. შესაბამისად, მარეგულირებელში მიაჩნიათ, რომ მიკრობანკების ბაზარზე გამოჩენის პირველ ეტაპზე მაინც ეს შეზღუდვა უნდა შენარჩუნდეს.

ცნობისთვის, ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციებს, მიკრობანკებს 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის გაცემის უფლება ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მიკრობანკები 15 ათას ლარამდე მოცულობის დეპოზიტების მოზიდვას შეძლებენ, ასევე მათ მომხმარებლებისთვის ანგარიშების გახსნის უფლება ექნებათ.