LIVE

Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

22 მაი 202315:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, 3 აგვისტოდან აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ავიაკომპანია 2 სიხშირეს ამატებს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 9-ჯერ იფრენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით სიხშირეების ზრდით, მგზავრთნაკადის 30%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი და ახლო აღმოსავლეთიდან იმერეთის რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.  

"ეს არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, პროექტ Let’s get lost with Wizz ფარგლებში, წარმატებული თანამშრომლობის გრძელვადიანი შედეგი. ჩვენმა ბიზნეს განვითარების გუნდმა წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და შედეგიც სახეზეა: თუ 2022 წლის ბოლომდე აბუ-დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები კვირაში 5 სიხშირით სრულდებოდა, ავიაკომპანიამ 2023 წლიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო და ზაფხულიდან სიხშირეების გაზრდას კიდევ გეგმავს. ამ პროექტის შედეგად, ახლო აღმოსავლეთში საქართველოს ცნობადობა და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ქუთაისში, პროექტ Let’s get lost with Wizz ფარგლებში ჩამოსული ბლოგერებისა და ინფლუენსერების სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი 26 მლნ. ნახვას გადასცდა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი ქუთაისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.  

"ბიზნეს ფორმულას" უწყებიდან აცნობეს, რომ Wizz Air-ის მასშტაბური პროექტის Let’s Get Lost-ის მხარდაჭერისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 44 004 ლარი დახარჯა. ეს თანხა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ქუთაისში ჩამოსული ინფლუენსერებისა და ბლოგერების შიდა გადაადგილებას, განთავსებას და ვახშამს მოხმარდა.