LIVE

აბუ-დაბიდან ჩამოსული ინფლუენსერების მასპინძლობაზე ტურიზმის ადმინისტრაციამ ₾44 000 დახარჯა

05 დეკ 202210:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
აბუ-დაბიდან ჩამოსული ინფლუენსერების მასპინძლობაზე ტურიზმის ადმინისტრაციამ ₾44 000 დახარჯა

Wizz Air-ის მასშტაბური პროექტის Let’s Get Lost-ის მხარდაჭერისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 44 004 ლარი დახარჯა. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" უწყებიდან აცნობეს, თანხა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ქუთაისში ჩამოსული ინფლუენსერებისა და ბლოგერების შიდა გადაადგილებას, განთავსებას და ვახშამს მოხმარდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში ჩამოსული 200-მდე პირის მიერ სოციალურ მედიაში განთავსებულმა კონტენტმა 63 მილიონიანი აუდიტორია მოიცვა.

საქართველომ პროექტს 26-28 აგვისტოს უმასპინძლა. საქართველომდე მსგავსი პროექტი დიდი ბრიტანეთში, ესპანეთსა და ავსტრიაში განხორციელდა. ავიაკომპანია კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს უფასო ბილეთებს უგზავნის. მონაწილეებისთვის დანიშნულების ადგილი აეროპორტში დაშვებამდე უცნობია. ისინი მასპინძელ ქვეყანას აუდიტორიას პირადი სოციალური ქსელებიდან აცნობენ.

პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყვნენ.