Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით იფრენს. შესაბამისი ნებართვა ქართულმა ავიაკომპანიამ დღეს მიიღო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.
"თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა",- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა 15 მაისს უკვე გასცა რუსულ ავიაკომპანიაზე. სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის მიერ ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის ხაზზე, 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.