LIVE

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა გააუქმა

10 მაი 202313:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა

„დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში შედიან და გადიან რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, საქართველოში დასაბრუნებელი სამგზავრო დოკუმენტი)“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთის ტერიტორიაზე ვიზის, გარეშე ყოფნა, 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ვიზა კვლავ მოეთხოვებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ მიდიან ან ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ხნით რჩებიან. 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გააუქმა აკრძალვა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენებს და ტურების გაყიდვას უკრძალავდა. ბრძანებულებას ხელი პუტინმა დღეს მოაწერა და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. 

RIA Novosti რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აღსადგენად ემზადებიან. ისინი კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. რუსული მედიის თანახმად, ფრენები ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება. 

რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა. ბოლო დროს პირდაპირი რეისების აღდგენაზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიმდინარე წლის 18 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრენების აღდგენის იდეა არ მოიწონა და თქვა, რომ უმრავლესობის არგუმენტები მისთვის მიუღებელია.