ფრანგული ფუფუნების ბრენდის LVMH-ის აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.
ჯგუფის გაყიდვები 18%-ით გაიზარდა და 21.04 მილიარდი ევრო ($23.10 მილიარდი) შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ექსპერტების მოლოდინს.
პოზიტიური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, პარიზის ვაჭრობაში LVMH-ის აქციები 5%-მდე გაიზარდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 440 მილიარდ ევრომდე ($485 მილიარდი) გაიზარდა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.
LVMH-ის განცხადებით, წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ძვირადღირებულ ნივთებზე მოთხოვნა ყველა რეგიონში გაიზარდა. ყველაზე ძლიერი - 34%-იანი კვარტალური ზრდა დაფიქსირდა იაპონიაში, მას 24%-ით მოსდევს ევროპა და 14%-ით აზია (გარდა იაპონიისა). ექსპერტების განმარტებით, გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო ჩინეთში მკაცრი ლოკდაუნების გაუქმებამ.
LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო გასულ კვირას გახდა მესამე მილიარდერი, რომლის სიმდიდრემ $200 მილიარდს გადააჭარბა. ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. Bloomberg-ის თანახმად, ამჟამად მისი ქონება $198 მილიარდს შეადგენს.