LIVE

მოვაჭრე ვალდებულია მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს - კონკურენციის სააგენტო

13 აპრ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1131
მოვაჭრე ვალდებულია მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს - კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ვეტერინარულ ცენტრ ზოოპლაზასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ცენტრს დაევალა, აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომლებსაც "ზოოპლაზას" მიერ შეუსრულებელი ვალდებულების - ქართულ ენაზე მომსახურების არმიღების გამო, ზიანი მიადგათ.

"კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე, ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის საქმეებში, საკითხის შინაარსობრივი ნაწილის გათვალისწინებით,  სააგენტო სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.

კონკურენციის სააგენტომ საქმის შესწავლა მოქალაქის ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე დაიწყო. 

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში სულ 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, ხოლო 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია.

5 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე - 28 შეთანხმება გააფორმა, საიდანაც 11 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 5 დარღვევის ფაქტი - 16 საქმეზე, ხოლო 2 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.