LIVE

გერმანიაში ყოველთვიური სატრანსპორტო ბილეთი 49 ევრო ეღირება

07 აპრ 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 4548
გერმანიაში ყოველთვიური სატრანსპორტო ბილეთი 49 ევრო ეღირება

გერმანიის მასშტაბით ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისათვის ყოველთვიური ბილეთი 49 ევრო ეღირება.

ბილეთით სარგებლობა შესაძლებელი იქნება გერმანიის ნებისმიერი ქალაქის ტრანსპორტით, როგორიცაა მატარებელი, ავტობუსი და ტრამვაი. ამასთან, ბილეთის გამოყენება დაშვებულია საქალაქთაშორისო, ე.წ. რეგიონული მატარებლებით მგზავრობის შემთხვევაშიც.

აღნიშნული ინიციატივა ანალოგია 9-ევროიანი ყოველთვიური ბილეთის, რომელიც ქვეყნის მთავრობამ გასულ წელს შემოიღო. ბილეთით სარგებლობა 1-ელი მაისიდან იქნება შესაძლებელი. 

ჯერჯერობით უცნობია, ბილეთის ეს ფასი რამდენ ხანს შენარჩუნდება. შესაძლოა, ის ნებისმიერ თვეს გაუქმდეს.

ბილეთის შეძენა შესაძლებელი იქნება Deutsche Bahn–ის ტურისტულ ცენტრებსა და ონლაინ აპლიკაცია DB Navigator-ის გამოყენებით.

49-ევროიანი ბილეთი მეორე კლასს მიეკუთვნება. ბილეთის ქონა სავალდებულოა 6 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებისთვის.  

გასული წლის ზაფხულში გერმანიაში 9-ევროიანი ბილეთის შემოღებამ მნიშვნელოვნად გადატვირთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებით, კი საქალაქთაშორისო, რეგიონული მატარებლები. ამის მიზეზი ველოსიპედებია, რომლებიც მგზავრებს ტრანსპორტით თან გადაჰქონდათ.

შესაძლებელი იქნება თუ არა 49-ევროიანი ბილეთით სარგებლობისას ველოსიპედების საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატანა დამოკიდებული იქნება იმ წესებზე, რომელიც კონკრეტულ სატარიფო ზონაში მოქმედებს

გასულ წლის 9-ევროიანი ბილეთი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ჯამში 52 მილიონი ბილეთი გაიყიდა.

გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც მგზავრები 49-ევროიან ბილეთებს ვერ გამოიყენებენ ჩქაროსნულ მატარებლებით მგზავრობის შემთხვევაში, რომლისთვისაც მათ სტანდარტული ფასის გადახდა მოუწევთ.