LIVE

ავსტრალია სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავს

05 აპრ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
ავსტრალია სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავს

ავსტრალია შეუერთდა დასავლეთის იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც გარკვეულ სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის აპლიკაცია აკრძალეს, რადგან იზრდება შეშფოთება აპლიკაციის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

CNN-ის ცნობით, გენერალურმა პროკურორმა მარკ დრეიფუსმა აკრძალვის შესახებ დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოებისგან რჩევის მიღების შემდეგ გამოაცხადა და თქვა, რომ ეს დირექტივა შესრულდება "როგორც კი შესაძლებელი იქნება".

ავსტრალიამდე მსგავსი შეზღუდვები ამოქმედდა აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში. ამასთან, ახალი ზელანდიის პარლამენტმაც გასცა ბრძანება აპლიკაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ყველა იმ მოწყობილობიდან, რომელსაც წვდომა საკანონმდებლო ორგანოსთან აქვს.  

გარდა ამისა, ნორვეგიამ და ევროპარლამენტმა მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგეს. გასულ კვირას ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაშიც (ნატო) აკრძალეს აპლიკაციის ჩამოტვირთვა მოწყობილობებში.

TikTok-ის გენერალურმა მენეჯერმა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ლი ჰანტერმა, განაცხადა, რომ კომპანია „უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ გადაწყვეტილებით და ამ ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.  

"ჩვენი მილიონობით ავსტრალიელი მომხმარებელი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტებზე დაყრდნობით და რომელიც სამართლიანად ექცევა ყველა ბიზნესს, მიუხედავად წარმოშობისა" - განაცხადა ჰანტერმა. 

ექსპერტები შიშობენ, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვით, (განსაკუთრებით, სამთავრობო მოწყობილობებზე) შესაძლოა სენსიტიური ინფორმაცია გამჟღავნდეს. ვიდეო გაზიარების პლატფორმა, რომელიც ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის, დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთის მთავრობას არ უზიარებს და დამოუკიდებლად იმართება.