LIVE

რომელ ქვეყნებშია TikTok აკრძალული და რატომ?

19 მარ 202315:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
რომელ ქვეყნებშია TikTok აკრძალული და რატომ?

გაერთიანებული სამეფო და ახალი ზელანდია შეუერთდნენ იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც გარკვეულ სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის აპლიკაცია აკრძალეს, რადგან იზრდება შეშფოთება აპლიკაციის კონფიდენციალურობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

ახალ ზელანდიაში აკრძალვა მარტის ბოლოს ამოქმედდება და ის მხოლოდ კანონმდებლებს შეეხებათ. მისგან განსხვავებით, გაერთიანებულ სამეფოში TikTok-ის გამოყენება მთავრობის წარმომადგენლების ყველა სამსახურებრივ ტელეფონსა და სხვა მოწყობილობებზე აიკრძალება

სამთავრობო მოწყობილობებზე აპლიკაცია ცოტა ხნის წინ აკრძალეს ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და კანადამ. 

ექსპერტები შიშობენ, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვით, (განსაკუთრებით, სამთავრობო მოწყობილობებზე) შესაძლოა სენსიტიური ინფორმაცია გამჟღავნდეს. ვიდეო გაზიარების პლატფორმა, რომელიც ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის, დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთის მთავრობას არ უზიარებს და დამოუკიდებლად იმართება.  

TikTok ეწინააღმდეგება ბრალდებებს, რომ ის სხვა სოციალური მედიის კომპანიებთან შედარებით, მომხმარებლებისგან უფრო მეტ მონაცემს აგროვებს და აცხადებს, რომ აკრძალვები "განხილვისა და მტკიცებულებების გარეშე" გადაწყდა.  

მიუხედავად ამისა, ბევრი ქვეყანა ფრთხილობს, როცა საქმე TikTok-ს და ჩინეთთან მის კავშირებს ეხება. დასავლურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მათ შორის Airbnb-მა, Yahoo-მ და LinkedIn-მა, ასევე დატოვეს ჩინეთი ან შეამცირეს ოპერაციები მკაცრი კონფიდენციალურობის კანონის გამო, რომელიც აზუსტებს, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს მონაცემების შეგროვება და შენახვა. 

Euronews აქვეყნებს ქვეყნებსა და რეგიონებს, რომლებმაც TikTok ნაწილობრივ ან სრულად აკრძალეს.  

ევროკავშირის ინსტიტუტები 

ევროკავშირის სამმა მთავარმა ორგანომ: ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ, კიბერუსაფრთხოების შეშფოთების მოტივით, პერსონალის მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება აკრძალა.  

ევროპარლამენტის აკრძალვა ძალაში 20 მარტს შედის. ის ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს, რომ აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც წაშალონ. 

ბელგია 

გასულ კვირას ბელგიამ გამოაცხადა, რომ აკრძალავს TikTok-ს მოწყობილობებზე, რომლებიც ბელგიის მთავრობის მფლობელობაშია ან მის მიერაა შეძენილი. აკრძალვა ძალაში 6 თვის განმავლობაში იქნება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება მას ხელახლა გადააფასებს. 

დანია 

6 მარტს დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ, კიბერუსაფრთხოების გამო, თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე აპლიკაციის გამოყენებას უკრძალავს. 

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ცენტრი (რომელიც დანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილია) აპლიკაციის გამოყენებაში ჯაშუშობის რისკს ხედავს. 

აშშ

მიმდინარე თვეში თეთრმა სახლმა სამთავრობო უწყებებს 30-დღიანი ვადა მისცა, რათა მათ თანამშრომლებს ფედერალურ მოწყობილობებზე ჩინური აპლიკაცია აღარ ჰქონდეთ. 

აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ სამთავრობო მოწყობილობებზე, თუმცა ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი მხარს უჭერს პირდაპირ აკრძალვას.

აშშ-ის 50 შტატის ნახევარზე მეტმა ასევე აკრძალა აპლიკაცია სამთავრობო მოწყობილობებზე.

TikTok-ის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, რომ აპლიკაციის ჩინელმა მფლობელებმა თავიანთი წილები გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-მა TikTok დაბლოკოს. 

გარდა ამისა, აშშ-ში არსებობს შეშფოთება TikTok-ის შინაარსთან დაკავშირებით. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ზიანს აყენებს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. Pew Research Center-ის თანახმად, აშშ-ს მოზარდების დაახლოებით ორი მესამედი იყენებს TikTok-ს.

აპლიკაციას სულ 100 მილიონზე მეტი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს. 

კანადა 

აშშ-ის შემდეგ, კანადამ ასევე გამოაცხადა, რომ მთავრობის მოწყობილობებმა არ უნდა გამოიყენებოდეს TikTok, რადგან ის წარმოადგენს "მიუღებელ" რისკს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების კუთხით. 

თანამშრომლებს ასევე აეკრძალათ აპლიკაციის მომავალში ჩამოტვირთვა.

ინდოეთი

ინდოეთმა TikTok-სა და ათობით ჩინურ აპლიკაციაზე, მათ შორის, WeChat-ზე აკრძალვა 2020 წელს დააწესა. 2021 წელს ეს აკრძალვა სამუდამო გახდა. 

ტაივანი

2022 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც FBI-მ განაცხადა, რომ TikTok წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების რისკს, ტაივანმა სამთავრობო მოწყობილობებზე, მათ შორის, მობილურ ტელეფონებზე, ტაბლეტებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე ჩინური აპლიკაციების გამოყენება აკრძალა. ამ აპლიკაციებს შორისაა TikTok.

პაკისტანი

პაკისტანის ხელისუფლებამ, ამორალურ შინაარსის ხელშეწყობის გამო, TikTok, 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, დროებით მინიმუმ ოთხჯერ აკრძალა.

ავღანეთი

თალიბანმა 2022 წელს ავღანეთში TikTok და თამაში PUBG აკრძალა. დაჯგუფებამ ამის მიზეზად ახალგაზრდების „შეცდომაში შეყვანისგან“ დაცვა დაასახელა.