
Huawei-მ დღეს მოგების რეკორდული ვარდნის შესახებ განაცხადა.
ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის გასული წლის მოგებამ, 2021 წელთან შედარებით, 69%-ით იკლო და 35.6 მილიარდი იუანი ($5.18 მილიარდი) შეადგინა. CNBC-ის თანახმად, ეს 2011 წლის 54%-იან ვარდნასაც აჭარბებს.
ამასთან, Huawei-ს 2022 წლის შემოსავალი 0.9%-ით 642.3 მილიარდ იუანამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კომპანიამ განსაკუთრებით დიდი მოგება მიიღო მას შემდეგ, რაც მან Honor სმარტფონის ბრენდი კონსორციუმს მიყიდა.
Huawei-ს თანახმად, 2022 წელს მოგების ვარდნის მიზეზი საქონლის ფასების ზრდა, ჩინეთის მიერ კოვიდპანდემიის გამო, მკაცრი რეგულაციები და კომპანიის კვლევისა და განვითარების ხარჯების ზრდაა.
აშშ-ის სანქციების გამო, Huawei-მ საქმიანობის დივერსიფიკაცია სხვადასხვა სფეროში მათ შორის, ღრუბლოვან გამოთვლით სისტემებსა და ავტომობილებში სცადა.
ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ Huawei აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ის ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, Huawei-მ და ჩინეთის მთავრობამ ბრალდებები არაერთხელ უარყვეს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მთავრობა აღარ გასცემს ლიცენზიებს ამერიკულ კომპანიებზე, რომელთა პროდუქტების უდიდეს ნაწილს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei იღებს.