LIVE

2022 წელს საქართველოში შობადობა შემცირდა - დაიბადა 42 319 ბავშვი

30 მარ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
2022 წელს საქართველოში შობადობა შემცირდა - დაიბადა 42 319 ბავშვი

2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათგან 21 897 ბიჭია, ხოლო 20 422 გოგო. 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში შობადობა 7.9%-ით შემცირდა.

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებული ბავშვის წილი 37.4%-დან 39.1%-მდე გაიზარდა, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6%-დან 33.5%-მდე, ხოლო მესამე და მომდევნო შვილის დაბადების მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა და 26.6% შეადგინა.  

2022 წელს, 2021-თან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2%-დან 26.5%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2%-დან 69.6%-მდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნებოდა 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6%-იდან 4%-მდეა გაზრდილი.

2022 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წელი იყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 202), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246).

საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა. 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 18%-ით შემცირდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (14 123 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (715 კაცი).

2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა კი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) - 9.2 პრომილე.

2022 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და - 6 799 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებისა.

შეგახსენებთ, საქსტატის 2021 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა და 59 906 ადამიანი გარდაიცვალა.