LIVE

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა - დემოგრაფიული მაჩვენებლები

30 მარ 202212:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 700
2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა - დემოგრაფიული მაჩვენებლები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა. მათ შორის 23 911 ბიჭია, 22 035 კი გოგო. აღნიშნული მაჩვენებლის თანახმად, 2020 წელთან შედარებით ქვეყანაში შობადობა 1.2%-ითაა შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციით, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, პირველი შვილის დაბადების მაჩვენებელი შემცირდა 38%-დან 37.4%-მდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 35.6%-ს შეადგენს, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8%-დან 26.4%-მდე გაიზარდა.

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4%-დან 27.2%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2%-დან 69.2%-მდე გაიზარდა. კლება შეინიშნება 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.4%-დან 3.6%-მდე შემცირდა.

2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წელთან შედარებით, ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი 18.5%-ით გაიზარდა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი).

2021 წლის მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9 პრომილე შეადგინა. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა კი - (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 10 პრომილე.

2021 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 13 960 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანაში 23 155 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც 41.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენდა 29 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის - 31.5 წელს.

რაც შეეხება განქორწინებას, 2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 39.4%-ით აღემატება.