LIVE

იანვარ-თებერვალში საქართველომ საწვავის 85% რუსეთისგან იყიდა

29 მარ 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
იანვარ-თებერვალში საქართველომ საწვავის 85% რუსეთისგან იყიდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა.

2023 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 174,1 ათასი ტონა, რაც 8,4 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2023 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 81,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 92,3 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით იმპორტი ასე ნაწილდება:

  • A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 48,3 ათასი ტონა (59%);
  • A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 32 ათასი ტონა (39,1%);
  • A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 1,5 ათასი ტონა (1,8%).

რაც შეეხება, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტს ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან:

  • რუმინეთი - 24,6 ათასი ტონა - 14,1%;
  • ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,4%;
  • თურქმენეთი - 0,2 ათასი ტონა - 0,1%;
  • უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%;
  • ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%. 

აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობა ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მზარდია. მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორ თვეში საქართველომ რუსეთიდან 338.8 მილიონი დოლარის საქონელი იყიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, სწორედ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს.