LIVE

საქართველოში 22 400-მდე რუსული კომპანიაა, მათი 66% უკრაინაში ომის შემდეგ დარეგისტრირდა - TI

22 თებ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 632
საქართველოში 22 400-მდე რუსული კომპანიაა, მათი 66% უკრაინაში ომის შემდეგ დარეგისტრირდა - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სულ 22 400-მდე რუსული კომპანიაა და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

გასულ წელს რეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. TI-ს შეფასებით, ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

კვლევაში, „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა“ აღნიშნულია, რომ 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ“ პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.

TI-ს თანახმად, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს შეადგენდა, ხოლო მაქსიმუმი, 9.9%, 2018 წელს დაფიქსირდა.

„ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

კვლევის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა და მაჩვენებელმა 652 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-დეკემბერში კი ექსპორტი 3.2%-ით იყო გაზრდილი, რაც  ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 5-ჯერ ზრდამ განაპირობა.

კვლევის მიგნებებიდან ასვე აღსანიშნავია შემდეგი:

  • საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 14.4%-დან 11.7%-მდე შემცირდა. TI-ს შეფასებით, წილის შემცირება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რუსეთში ქართული ექსპორტი უფრო ნაკლები ტემპით გაიზარდა (6.8%), ვიდრე საქართველოს მთლიანი ექსპორტი ყველა ქვეყანასთან (32%);
  • ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა და 161 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 64% უჭირავს, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია;
  • ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 482 მლნ აშშ დოლარით (5-ჯერ მეტი). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 51% შეადგინა. 45%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი და 442 მლნ დოლარი შეადგინა; ნახშირბადიანი ფოლადის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა და 49 მლნ დოლარი შეადგინა. 157%-ით, 70 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი;
  • ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის 46%-ით ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 2.6% უჭირავს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 32%-ით გაიზარდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 8%-მდეა;
  • კვლავ მაღალია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე. 2022 წელს რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 97% იყო. საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის;
  • 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა - სულ 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 26%-ით ნაკლებია. თუმცა, ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში, 2022 წელს რუსეთიდან 14%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში;
  • 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია;
  • 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია;
  • რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს კომპანიების რეგისტრაცია და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა და განთავსებული დეპოზიტების მოცულობა;
  • 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. TI-ს შეფასებით, ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 33 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 51%-ით ნაკლებია. რუსეთიდან შემოსული ინვესტიციიდან 29 მლნ დოლარი უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთავრობას ურჩევს, რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ღვინოს საკითხს შეეხება. TI-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსული ბაზრის მაღალი წილი ქართული ღვინის ექსპორტში. რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, TI-ს შეფასებით, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში.

ამასთან, კვლევის ავტორების რეკომენდაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. TI-ს შეფასებით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება, ქვეყანაში ამჟამად მოქმედი წესისგან განსხვავებული რეჟიმით უნდა განხორციელდეს. მათი თქმით, კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან ან ადამიანებთან.