
საგარეო ვაჭრობა ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მზარდია. მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
უფრო დეტალურად, 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტ-იმპორტი) 467.1 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ბრუნვის 16.1%-ია.
რუსეთი ლიდერობს საიმპორტო პარტნიორებშიც. ორ თვეში საქართველომ რუსეთიდან 338.8 მილიონი დოლარის საქონელი იყიდა, რაც წლიურად 86.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 17.1%-ია.
კვლავ გრძელდება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, საქართველო რუსეთისგან ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს.
კერძოდ, იანვარ-თებერვალში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები შემდეგია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $108.6 მლნ, იმპორტის წლიური ზრდა 369.5%;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $68.4 მლნ, წლიური ზრდა 247.5%;
- ხორბალი და მესლინი - $10.1 მლნ, წლიური ზრდა 55.9%;
- ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები - $8.2 მლნ, წლიური ზრდა 4 431%;
- ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - $8.1 მლნ, წლიური ზრდა 5.4%.
საქართველოს იმპორტში დსთ-ის ქვეყნებზე 30.6% მოდის, ხოლო ევროკავშირზე 23.9%.
ამასთან, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია და მასზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 14% მოდის. იანვარ-თებერვალში რუსეთში ექსპორტით საქართველომ 128.2 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წლიურად 38.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გამოიყურება:
- ფეროშენადნობები - $45.3 მლნ, წლიური ზრდა 38.6%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $23.9 მლნ, წლიური ზრდა 19.1%;
- მსუბუქი ავტომობილები - 978 ცალი (ჯამში $13.5 მილიონის ღირებულების), 769 ერთეულით მეტი ვიდრე გასულ წელს.
- მინერალური და მტკნარი წყლები - $10.7 მლნ, წლიური ზრდა 12.5%;
- სპირტიანი სასმელები - $8.8 მლნ, წლიური ზრდა 115%.
დსთ-ის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის ნახევარზე მეტი 58.2% მოდის, ხოლო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯამური წილი მხოლოდ 12.7%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი, ხოლო რუსეთი მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო და რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.