LIVE

CFD აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

28 მარ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
CFD აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. საუბარია, განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის CFD სქემის ფარგლებში, 10 თებერვალს დაწყებულ აუქციონზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილია ათეულობით განაცხადი, რომელთაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. უწყების თანახმად, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი დადგენილებისა და სიმძლავრის აუქციონის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისობაში მოდიან არსებული მხარდაჭერის სქემის მიზნებთან.

"წინადადებების განხილვისა და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ პროექტების გამარჯვებულად გამოცხადების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შერჩეულ განაცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სიმძლავრის აუქციონის პირველი ეტაპით დარგს მიეცემა საშუალება დამატებით ექსპლუატაციაში მიიღოს 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები",- აცხადებენ სამინისტროში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკაში ინვესტიციები ახალი სქემით წახალისდება. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე. აღნიშნული სქემით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ. სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.