LIVE

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები

26 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუს მილიარდერებს მიმართა და მათ თავიანთ სამშობლოში მეტი ინვესტიციების ჩადებისა და პატრიოტიზმის პირად კეთილდღეობაზე მაღლა დაყენებისაკენ მოუწოდა. შეხვედრას რუსი ბიზნეს-ელიტა ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ოლეგ დერიპასკა, ვლადიმერ პოტანინი, ალექსეი მორდაშოვი, გერმან ხანი, ვიქტორ ვეკსელბერგი, ვიქტორ რაშნიკოვი, ანდრეი მელნიჩენკო და დიმიტრი მაზეპინი. მათი ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობები მსხვილი მეტალურგიის, საბანკო-საფინანსო და სოფლის მეურნეობის სფეროებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ დასავლური სანქციებისა და გლობალური ბაზრებიდან რუსეთის გათიშვის ფონზე კრემლს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა. რუსეთის ეკონომიკა, რომელიც გასულ წელს 3%-ით უნდა გაზრდილიყო, საბოლოოდ 2.1%-ით შემცირდა. პუტინი ხსნას რუსეთის ოლიგარქებში ხედავს. საინტერესოა, თუ რა ქონებას ფლობენ და რომელ სფეროებში მოღვაწეობენ პუტინთან დაახლოებული ის ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ.

ოლეგ დერიპასკა - ალუმინის მაგნატი

რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა კომპანია Basic Element-ის დამფუძნებელია. აღნიშნული რუსული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც ძირითადად ალუმინის წარმოებითაა დაკავებული.

Forbes-ის მონაცემებით დერიპასკა ამჟამად $2.5 მილიარდის ქონებას ფლობს. 2008 წლამდე იგი რუსეთის უმდიდრესი და მსოფლიოში მე-9 ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, თუმცა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, დერიპასკას ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჯერ კიდევ 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა დერიპასკას სანქციები დაუწესა, თუმცა 2019 წლის იანვარში იმავე სამსახურმა აღნიშნული სანქციები მოუხსნა ოლიგარქის მფლობელობაში არსებულ En+ Group-ს, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ალუმინის მწარმოებელი მეორე უმსხვილესი ფირმაა. სანქციების მოხსნის ფონზე, დერიპასკამ კომპანიაში საკუთარი აქციები 44.95%-მდე შეამცირა.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებისა და ოლეგ დერიპასკაზე კრემლთან შესაძლო კავშირების გამო დადებული სანქციების შემდეგ, მილიარდერმა უჩვეულოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა ხელისუფლების მიმართ. ჯერ კიდევ გასულ წელს მან უკრაინაში ომი რამდენჯერმე დაგმო, ხოლო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში რუსეთს მოუწოდა, ნაკლებად ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში და ხელი შეუწყოს სამართლიანი და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას, რათა ქვეყანამ უცხოელი ინვესტორები კვლავ მოიზიდოს და დასავლური სანქციების წნეხი მოიხსნას. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, რუსეთს მომდევნო წლისთვის ფული აღარ დარჩება. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ დერიპასკა მკაფიოდ ინარჩუნებს ომში პრორუსულ პოზიციას და შესაძლო უცხოელ ინვესტორებად, რომელიც კრემლმა თავისკენ უნდა შემოაბრუნოს, განიხილავს მხოლოდ მათ, ვინც რუსეთის „მეგობრულ“ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს არ შეუერთდნენ.

ვლადიმერ პოტანინი - ყველაზე მდიდარი რუსი

ვლადიმერ პოტანინი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენია. ამჟამად მისი ქონება $23.7 მილიარდს შეადგენს.

ისევე როგორც სხვა რუსი მილიარდერები, პოტანინიც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში გამდიდრდა, როცა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიების პრივატიზაცია ხდებოდა. სწორედ 1995 წელს მოიპოვა პოტანინმა წილი კომპანია Norilsk Nickel-ში (Nornickel), რომლის მესამედსაც იგი ამჟამად ფლობს. Nornickel სამთო-მეტალურგიული გიგანტია, რომელიც აწარმოებს პალადიუმს, ნიკელს, პლატინას, სპილენძსა და სხვა მეტალებს.

ოლიგარქისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კავშირები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება, როდესაც პოტანინი ბორის ელცინის პერიოდში პრემიერმინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

Nornickel, არქტიკაში უზარმაზარი რაოდენობით ნავთობის დაღვრის გამო, 2021 წელს $2 მილიარდით დაჯარიმდა, თუმცა კომპანიასა და მის უდიდეს მეწილეს განსაკუთრებული პრობლემები მაინც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შეექმნათ. ომის დაწყებისთანავე 24 საათში პოტანინის ქონება $3 მილიარდით შემცირდა. მალევე ოლიგარქმა პუტინის რეჟიმის მხარდაჭერით მსხვილი რუსული კერძო ბანკები - Rosbank და Tinkoff Bank შეიძინა. პოტანინი კვლავ აგრძელებდა სიმდიდრის დაგროვებას, თუმცა მალევე ბრიტანეთმა რუსი მილიარდერი დაასანქცირა. გასული წლის ბოლოს პოტანინს ამერიკული სანქციებიც დაეკისრა.

ალექსეი მორდაშოვი - სანქციების უდიდესი მსხვერპლი

ალექსეი მორდაშოვი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ოლიგარქია, რომელიც ფოლადის მწარმოებელ Severstal-ში უდიდეს წილს ფლობს. იგი აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი 19 წლის განმავლობაში იყო, ვიდრე 2015 წელს არ გადადგა. ამჟამად მორდაშოვის ქონება, Forbes-ის მონაცემების თანახმად, $20.8 მილიარდს შეადგენს.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მორდაშოვი იყო ერთ-ერთი პირველი ოლიგარქი, რომელსაც დასავლური სანქციები შეეხო. შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ გადასცა რამდენიმე კომპანიის საკუთარ მფლობელობაში არსებული წილები სხვებს. კერძოდ, სამთო-მომპოვებელ ფირმა Nordgold-დან დაახლოებით $1.1 მილიარდის წილი მორდაშოვმა საკუთარ ცოლზე გადააფორმა; ხოლო მსოფლიოს უდიდესი ტურისტული კომპანიის, TUI-ის, აღმასრულებელი საბჭოს წევრი გასული წლის მარტიდან უკვე აღარაა.

ევროკავშირმა მალევე შეაჩერა Severstal-ის, როგორც ფოლადის უდიდესი მწარმოებელი რუსული კომპანიის, იმპორტი წევრ ქვეყნებში, რის გამოც მორდაშოვის ფირმამ უდიდესი ბაზარი დაკარგა. რაც შეეხება TUI-ს, აღნიშნულ კომპანიაში მორდაშოვი 34%-იან წილს ფლობდა, რომლებიც გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში იყო გადანაწილებული. ცხადია, სანქციების დადების შემდეგ რუსი მილიარდერის წილები ამ კომპანიაშიც გაიყინა.

დასავლურმა სანქციებმა მორდაშოვმა განსაკუთრებით დააზარალა. რუსი ოლიგარქის ქონება უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ $6.7 მილიარდით შემცირდა.

გერმან ხანი - რუსი ოლიგარქი უკრაინიდან

გერმან ხანი რუსი ოლიგარქია, რომელიც კიევში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი ბიზნესები ნავთობის, საბაკო და სატელეკომუნიკაციო სფეროებს მოიცავს. ამჟამად იგი $8.1 მილიარდს ფლობს.

გერმან ხანი, მიხეილ ფრიდმანთან და ალექსეი კუზმიჩევთან ერთად, ფირმა Alfa Group-ის თანადამფუძნებელია. კომპანია კერძო მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ჯგუფია, რომელსაც ინტერესები ნავთობისა და გაზის, კომერციულ და საინვესტიციო საბანკო სისტემებსა და სატელეფონო კომუნიკაციების სფეროებში აქვს. აღნიშნული ჯგუფის მფლობელობაში შედის უდიდესი რუსული კერძო Alfa Bank, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ აპრილში ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბანკი ოფიციალურად კერძო მფლობელობაშია, იგი რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია.

გასული წლის მარტში გერმან ხანი ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაასანქცირეს. ოლიგარქი ლუქსემბურგში დაარსებული რუსული საინვესტიციო ფირმა LetterOne-ის თანადამფუძნებელიც იყო და კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ადგილსაც იკავებდა. ხანმა საბჭო ინდივიდუალური სანქციების დაწესების შემდეგ, მომენტალურად დატოვა.

გერმან ხანს, ისევე როგორც სხვა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს, ბრალი კრემლთან და პუტინთან კავშირში ედებათ. ვლადიმერ პუტინის უფროსი ქალიშვილი მარია საქველმოქმედო პროექტ Alfa-Endo-ს უძღვებოდა. აღნიშნული პროექტი სწორედ გერმან ხანის მფლობელობაში არსებული Alfa Bank-ის მიერ ფინანსდებოდა, რაც ნათელს ხდის უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქის პირად კავშირებს რუსეთის პრეზიდენტთან.

ვიქტორ ვეკსელბერგი - ალუმინის მაგნატი

გარდა იმისა, რომ ვიქტორ ვეკსელბერგი დერიპასკასთან ერთად ალუმინისა და მეტალების წარმოების ბიზნესებშია ჩართული, რუსი მილიარდერის ინტერესები კულტურის სფეროებსაც მოიცავს.

ვიქტორ ვეკსელბერგი დიდი რაოდენობით ფინანსებს დასავლეთის კულტურისა და მეცნიერების ინსტიტუტებში დებდა; მათ შორის იყო Tate Foundation, Lincoln Center და Carnegie Hall. ამასთან, ვეკსელბერგს $1.5 მილიარდის აქტივები ჰქონდა აშშ-ისა და შვეიცარიის ბანკებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ცხადია, გაიყინა.

გასული წლის აპრილში ვეკსელბერგს პირადი ქონებიდან წაერთვა სუპერიახტა Tango, რომელიც რუს ოლიგარქს პალმა-დე-მალიორკაში ესპანეთის პოლიციამ და FBI-მ ჩამოართვა.

ვეკსელბერგის სიმდიდრე ომის დაწყებისა და სანქციების დაკისრების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად მილიარდერის ქონება $6.7 მილიარდს შეადგენს. ვიქტორ ვეკსელბერგი რუსული Renova Group-ის მფლობელია. კომპანია ალუმინის, ნავთობის, სხვადასხვა ენერგორესურსებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროებში მოღვაწეობს.

ვიქტორ რაშნიკოვი - რკინისა და ფოლადის მაგნატი

ვიქტორ რაშნიკოვი ფოლადის ბიზნესში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა რუსეთში. მის მფლობელობაშია კომპანიები Magnitogorsk Iron და Steel Works (MMK), რომელთაც გასული წლის მარტში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთისაგან სანქციები დაედო. მალევე ოლიგარქმა დატოვა MMK-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.  

რაშნიკოვის ვლადიმერ პუტინთან კავშირები მრავალჯერ დადასტურდა. ჯერ კიდევ 2000 წლის არჩევნებში რაშნიკოვი პუტინის რწმუნებული იყო. 2003 და 2007 წლებში ოლიგარქმა „ერთიანი რუსეთის“ პოლიტიკური პარტიიდან კენჭი იყარა რუსეთის დუმაში.

რუსეთის პრეზიდენტის სამსახური ხშირად აქვეყნებს ანგარიშებს, სადაც რაშნიკოვის პუტინთან შეხვედრებია განხილული. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი ჩელიაბინსკის რეგიონში რაშნიკოვის კომპანია MMK-ს მფლობელობაში არსებულ დასასვენებელ სათხილამურო ცენტრში იმყოფებოდა.

რუსეთის პრეზიდენტთან ახლო კავშირების გამო, უკანონოდ გამდიდრების გარდა, რაშნიკოვს დასავლეთი ბრალს პუტინის რეჟიმის გაძლიერებაში სდებს.

რაშნიკოვი, ისევე როგორც სხვა რუსი ოლიგარქები, ძვირადღირებულ ქონებას ფლობენ რუსეთის გარეთაც. მათ შორის იყო რაშნიკოვის $23 მილიონიანი ვილა საფრანგეთში, რომელიც ოლიგარქს საფრანგეთის ხელისუფლებამ მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირის სანქციების ფარგლებში ჩამოართვა.

ვლადიმერ ევტუშენკოვი

ბიძინა ივანიშვილთან გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის შემდეგ, ვლადიმერ ევრტუშენკოვი ქართველი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა. ევტუშენკოვი რუსული ბიზნეს-ელიტის ერთ-ერთი გავლენიანი მილიარდერი წევრია, რომლის ამჟამინდელი ქონებაც, Forbes-ის მონაცემების თანახმად, $1.7 მილიარდს შეადგენს.

ევტუშენკოვი რუსულ კომპანია AFK Sistema-ში, რომელიც მან 1993 წელს დააარსა, 59%-იან წილს ფლობს. სატელეკომუნიკაციო კომპანიას უდიდესი აქციები ეკუთვნის რუსეთის უმსხვილეს ფიჭურ ოპერატორ MTS-ში, ონლაინ საცალო ვაჭრობის ფირმა Ozon-სა და ჯანდაცვის ქსელ Medsi-ში.

ოლიგარქების სამომავლო როლი რუსულ ეკონომიკაში

სანქციების ფონზე რუსულმა ეკონომიკამ გასულ წელს 2.1%-იანი რეცესია განიცადა. 

პუტინს ოლიგარქების იმედი აქვს, მაგრამ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დასავლურმა სანქციებმა ისინიც მნიშვნელოვნად დააზარალა.

Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთის ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენებმა, ომის დაწყების შემდეგ, ჯამში დაახლოებით $67 მილიარდის ქონება დაკარგეს. აღნიშნული კი რუსული ეკონომიკის გამოკეთების მიზნით, რუსი ოლიგარქების სამომავლო უნარიანობას საეჭვოს ხდის.