LIVE

პუტინი რუს მილიარდერებს მოუწოდებს, პატრიოტიზმი მოგებაზე წინ დააყენონ

17 მარ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 715
პუტინი რუს მილიარდერებს მოუწოდებს, პატრიოტიზმი მოგებაზე წინ დააყენონ

ხუთშაბათს ვლადიმერ პუტინმა რუს მილიარდერებს მიმართა და მათ პატრიოტიზმის მოგებაზე მაღლა დაყენებისკენ მოუწოდა. ამასთან, პუტინმა დასავლური სანქციების წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა და ბიზნესმენებს რუსეთში ინვესტიციების ჩადებისაკენ მოუწოდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს იყო ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა რუსეთის ბიზნეს ელიტასთან. პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მათი მთავარი როლი შეახსენა, რომელიც არა უბრალოდ ფულის გაკეთება, არამედ, როგორც თავად განმარტა, საზოგადოების მხარდაჭერაა: “პასუხისმგებლიანი მეწარმე რუსეთის ნამდვილი მოქალაქეა, რომელიც იაზრებს თავისი ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად იქცევა… იგი თავის აქტივებს ოფშორებში არ უნდა მალავდეს და კომპანიებს რუსეთში, ჩვენს ქვეყანაში, უნდა არეგისტრირებდეს, უცხოური ზეგავლენებისაგან თავისუფალი უნდა იყოს”,- განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას შემდეგი ბიზნესმენები ესწრებოდნენ: ოლეგ დერიპასკა, ვლადიმერ პოტანინი, ალექსეი მორდაშოვი, გერმან ხანი, ვიქტორ ვეკსელბერგი, ვიქტორ რაშნიკოვი, ანდრეი მელნიჩენკო და დიმიტრი მაზეპინი. მათი ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობები მოიცავს მსხვილი მეტალურგიის, საბანკო-საფინანსო და სოფლის მეურნეობის სფეროებს.

პუტინს სურდა, ბიზნესმენებისაგან მოესმინა, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის “შესამჩნევი გამოკეთება ქვეყანაში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად”. ოვაციების ფონზე, პუტინმა რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების მისამართით მძიმე გზავნილი გააკეთა: მეტი იფიქრონ ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე და ნაკლები პირად კეთილდღეობაზე. 

შეხვედრაზე დამსწრეთაგან ბევრი დასავლური სანქციების ქვეშ მოქცეული რუსი ოლიგარქია. პუტინმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამშობლოში ბიზნესის წარმოება და ინვესტიციების გაკეთება მეტად სასარგებლო და უსაფრთხოა. გასულ თვეს მან რუს ბიზნესმენებს განუცხადა, რომ ჩვეულებრივ რუს მოქალაქეებს არავითარი სიმპათიები არ გააჩნიათ მილიარდერებისთვის ჩამორთმეული იახტებისა და სასახლეების მიმართ. 

პუტინი დარწმუნებულია, რომ დასავლური სანქციები რუსულ ეკონომიკას ვერ ჩამოანგრევს, მაგრამ იგი ოლიგარქებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ შესაძლო საფრთხეებს, რომლებიც რუსეთს აღნიშნული სანქციებით ემუქრება: “მოგიწოდებთ, არ დაელოდოთ ნეგატიურ შედეგებს… თქვენ ახლავე უნდა იმოქმედოთ”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 

პუტინის გზავნილი მკაფიოა: რუსეთს მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის პრობლემა აქვს. სახელმწიფოს სურს 300 მილიარდი რუბლის ($3.9 მილიარდი) მოზიდვა გაუთვალისწინებელი გადასახადების დაწესებით, თუმცა ეს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის კომპანიებს არ შეეხება. 

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის, განცხადებით, დაწესდება ჭარბი მოგების 5%-იანი გადასახადი. გადასახადი კანონში 2024 წელს უნდა შევიდეს, თუმცა რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ელოდება, რომ კომპანიებისგან გადასახადებს წელსვე მიიღებს. 

2022 წლის 2.1%-იანი რეცესიის შემდეგ რუსეთი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანას ეკონომიკური ზრდა ექნება. 

პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით ადრეა, თუმცა რუსეთის ეკონომიკა ომამდელ პერიოდს, სავარაუდოა, რომ დიდ ხანს ვერ დაუბრუნდება, რადგან სახელმწიფო ხარჯების უდიდესი ნაწილი სამხედრო სფეროში იდება. ქვეყანაში ინტენსიურად იწარმოება იარაღები, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობები. ამგვარად, რუსული ეკონომიკა ამჟამად უმეტესად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე კონცენტრირდება.