LIVE

მომავალ წელს რუსეთში ფული უკვე აღარ იქნება - რუსი ოლიგარქი

02 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
მომავალ წელს რუსეთში ფული უკვე აღარ იქნება - რუსი ოლიგარქი
Natalia Kolesnikova/AFP/Getty Images

რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა მიიჩნევს, რომ მომავალ წელს შესაძლოა, რუსეთის სალაროები უკვე დაცარიელდეს და მას "მეგობრული" ქვეყნების ინვესტიციები დასჭირდეს. 

"მომავალ წელს ფული უკვე აღარ იქნება. ჩვენ უცხოელი ინვესტორები დაგვჭირდება", - თქვა დერიპასკამ დღეს ციმბირში გამართულ კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე. 

მისი თქმით, "სახელმწიფო კაპიტალიზმის მშენებლობა გამოსავალი არ არის". 

"რუსეთმა უნდა განაგრძოს საბაზრო ეკონომიკის განვითარება. უცხოელი ინვესტორი შეხედავს, როგორ შოულობს ფულს რუსი ინვესტორი, როგორი გარემოა", - ამბობს მილიარდერი. 

მისივე თქმით, ქვეყნები, რომლებიც "სერიოზული რესურსებით" იწონებენ თავს, შეიძლება რუსეთის შესაძლო პარტნიორები გახდნენ. ხელისუფლებამ რუსეთი ასეთი ინვესტორებისთვის მიმზიდველად უნდა აქციოს და ამისთვის უსაფრთხო ბიზნეს კლიმატი, მეტი ეკონომიკური თავისუფლება და კონკურენცია უზრუნველყოს. 

მილიარდერი ამბობს, რომ მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოს მრავალი უმსხვილესი ეკონომიკა რუსეთის წინააღმდეგაა გაწყობილი, ის კვლავ ინარჩუნებს წვდომას ბაზრებზე, რომლის მოსახლეობა 4.5 მილიარდს, ხოლო გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი $30 ტრილიონს შეადგენს. 

"გვეგონა, რომ ევროპული ქვეყანა ვიყავით. ახლა, მომდევნო 25 წლის განმავლობაში, უფრო მეტს ვიფიქრებთ ჩვენს აზიურ წარსულზე", - ამბობს დერიპასკა

55 წლის ოლეგ დერიპასკა, რომელიც ჩინეთის გარეთ, ალუმინის უმსხვილესი მწარმოებლის, Rusal International-ის დამფუძნებელია, აშშ-ის მიერ 2018 წლიდანაა სანქცირებული. გასულ წელს ის ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მან მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე განაცხადა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში, ომთან დაკავშირებით მისი პოზიცია უფრო ფრთხილი იყო. 

სანქციების ფონზე, რუსეთის ნავთობისა და გაზის საგადასახადო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იანვარში 46%-ით შემცირდა. ამასთან, 59%-ით გაიზარდა დანახარჯები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ამ ფაქტორების ერთობლიობამ 1.76 ტრილიონი რუბლის ($25 მილიარდი) ბიუჯეტის დეფიციტი გამოიწვია.