LIVE

რუსმა მილიარდერებმა ერთ დღეში $39 მლრდ დაკარგეს

25 თებ 202211:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 794
რუსმა მილიარდერებმა ერთ დღეში $39 მლრდ დაკარგეს
ITAR-TASS/Mikhail Klimentyev
ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ პოტანინი

რუსეთის უმდიდრესი პირების მფლობელობაში არსებული კომპანიების აქციებზე პოლიტიკური დაძაბულობა ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე აისახა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ რუსი მილიარდერების ქონება კიდევ უფრო შეამცირა. 24 საათზე ნაკლებ დროში მათ $39 მილიარდი დაკარგეს.

რუსეთის საორიენტაციო მაჩვენებელმა MOEX Russia ინდექსმა მოსკოვში 33%-ით იკლო, რაც ადგილობრივი ვალუტის თვალსაზრისით, საფონდო ბირჟის ისტორიაში მეხუთე ყველაზე უარესი კლებაა. პირველი შემთხვევა 1987 წლის შავი ორშაბათის შემდეგ დაფიქსირდა. მაშინ ამ მასშტაბის კლებამ $50 მილიარდზე მეტი ღირებულების ბაზარს დაარტყა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კრიზისი რეგიონში ბაზრებს საფრთხეს უქმნის. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთს, რომელიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციებით დაზარალდა. სანქცირებულთა შორისაა პუტინთან დაახლოებული რამდენიმე მილიარდერი, მათ შორის გენადი ტიმჩენკო. სავარაუდოა, რომ სანქცირებულ მილიარდერთა სია კიდევ უფრო გაიზრდება. 

"აშშ-სა და ევროპაში ბევრია ისეთი, ვისაც მათზე პირდაპირ დარტყმა სურს. არ მგონია, რომ სანქციები მათთვის სასიამოვნო სიახლე იყოს",- ამბობს ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის თანადირექტორი კრის მილერი.

Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 24 საათში ყველაზე დიდი ზარალი Lukoil-ის თავმჯდომარეს ვაგიტ ალეკპეროვს მიადგა. მისი ქონება დღეში 33%-ით, დაახლოებით $6,2 მილიარდით შემცირდა და $13 მილიარდი შეადგინა. 

Severstal-ის თავმჯდომარემ ალექსეი მორდაშოვმა $4,2 მილიარდი დაკარგა. ახლა მისი ქონება $23 მილიარდს შეადგენს.

$3 მილიარდით შეუმცირდა ქონება Norilsk Nickel-ის პრეზიდენტსა და რუსეთის უმდიდრეს ადამიანს ვლადიმერ პოტანინს.

ალეკპეროვისა და ტიმჩენკოს დანაკარგმა წელს დაახლოებით $10 მილიარდი შეადგინა, რაც მათი ქონების 40%-ზე მეტია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენ სტეპლსი და ბლეიკ შმიდტი