
Bloomberg Billionaires Index-ში შემავალი 23 რუსი მილიარდერის ქონება უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ძალების შეჭრამდე ერთი დღით ადრე, 2022 წლის 23 თებერვალს, $339 მილიარდს შეადგენდა.
ერთი წლის შემდეგ, ყველაზე მდიდარი და ძლიერი რუსების ქონება ჯამში 20%-ით ანუ $67 მილიარდით შემცირდა.
ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს ალექსი მორდაშოვს, რომელიც რუსეთში ფოლადის ერთ-ერთ უდიდეს საწარმოს, Severstal-ს ფლობს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მისი წმინდა ქონება $6.7 მილიარდით შემცირდა. $19.8-მილიარდიანი ქონებით, ის ახლა ქვეყანაში მეოთხე უმდიდრესი ადამიანია.
მორდაშოვის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად ფოლადის კიდევ ერთი მაგნატის, ვლადიმერ ლისინის ქონება შემცირდა. Novolipetsk Steel-ის თავმჯდომარემ $5.8 მილიარდი დაკარგა და მისმა ქონებამ $20.5 მილიარდი შეადგინა.
რამდენიმე რუსი მილიარდერის ქონება, ერთი წლის განმავლობაში, გაიზარდა. მათ შორის ყველაზე დიდი, $2.1-მილიარდიანი ზრდა აქვს ანდრეი გურიევს, რაც ევროპაში ფოსფატური სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, PhosAgro-ს აქციების ფასის ზრდას უკავშირდება. ის კომპანიის დამფუძნებელია და ამასთან, მისი ოჯახი PhosAgro-ს უმსხვილესი აქციონერია.