LIVE

შეიცავს თუ არა TikTok საფრთხეს ბავშვებისათვის? - კონგრესმენები განმარტებებს ითხოვენ

20 მარ 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
შეიცავს თუ არა TikTok საფრთხეს ბავშვებისათვის? - კონგრესმენები განმარტებებს ითხოვენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს სურს, TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შუ ზი ჩუმ, მიმდინარე კვირას პასუხები გასცეს კითხვებს ბავშვებზე პოპულარული ჩინური ვიდეო აპლიკაციის უარყოფით გავლენებთან დაკავშირებით. კითხვები ისმევა აპლიკაციაში ბავშვებისათვის შეუსაბამო შინაარსის მასალების ხელმისაწვდომობასა და არასრულწლოვანთა შესაძლო სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეებზე.

23 მარტს TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი პირველად წარდგება ამერიკული კონგრესის წინაშე. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ქეთი მაკმორის როჯერსმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კანონმდებლებმა “უნდა იცოდნენ, რა ზომებს იღებს კომპანია, რათა ბავშვები ონლაინ და რეალური სამყაროებიდან მომავალი საფრთხეებისაგან დაიცვას.”

ჯერ კიდევ დეკემბერში მაკმორის როჯერსი და სხვა რესპუბლიკელები წერდნენ, რომ “TikTok-ის ალგორითმი ბევრ ბავშვს მათი ასაკისათვის შეუფერებელი შინაარსის მასალას აწვდის”. ამასთან, შეშფოთება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აპლიკაცია ზრდასრულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფულადი ჯილდოს შეთავაზების შემთხვევაში “ბავშვებს სექსუალური შინაარსის ვიდეო მასალები ჩააწერინონ”. 

TikTok, რომელსაც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ByteDance ფლობს, აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში აპლიკაციის აკრძალვით იმუქრება, თუკი კომპანიის ჩინელი მფლობელები თავიანთ წილებს არ გაყიდიან. 

“ამერიკელებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რამდენად ემუქრება საფრთხე მათ კონფიდენციალურობასა და რამდენად არსებობს შანსი, რომ ByteDance-ის საკუთრებაში არსებული TikTok მათი პირადი ინფორმაციით მანიპულირებას დაიწყებს”, - განაცხადა როჯერსმა. აშშ-ის მთავრობა შიშობს, რომ TikTok-ის მომხმარებელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლოა ჩინეთის მთავრობას ჰქონდეს.

ჯერჯერობით TikTok აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ მუშაობს სპეციალურ ფუნქციაზე, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს მოზარდებისათვის შეზღუდონ წვდომა გარკვეული სიტყვებისა და ჰეშტეგების შემცველი შინაარსის მქონე ვიდეოებზე. 

ამასთან, TikTok-მა განაცხადა, რომ ახალი ფუნქციები გარკვეული ასაკობრივი კატეგორიებისათვის აპლიკაციასთან გასატარებელი დროის რაოდენობას შეზღუდავს. 18 წლამდე მომხმარებელთა ანგარიშები  აპლიკაციით დღეში ერთ საათზე დიდხანს ვერ ისარგებლებენ.  

TikTok და ბაიდენის ადმინისტრაცია ორ წელზე მეტია, რაც აპლიკაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების გარშემო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. TikTok, რომელმაც $1.5 მილიარდი დახარჯა აპლიკაციისათვის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაზე, მკაცრად უარყოფს ჯაშუშობის ბრალდებებს.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, გარკვეულ დონეზე აკრძალოს TikTok. მიზეზად სახელმწიფოები უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხების გარშემო არსებულ რისკებსა და საფრთხეებს ასახელებენ. TikTok იკრძალება ევროკავშირის უმაღლეს ინსტიტუტებში, ბელგიის სამთავრობო დაწესებულებებში, დანიის თავდაცვის სამინისტროში, კანადის მთავრობის მოწყობილობებში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთსა და ტაივანში. ჩინური აპლიკაცია ასევე აიკრძალა აშშ-ში ფედერალური და შტატების დიდი ნაწილის სამთავრობო მოწყობილობებისთვის.