TikTok-ის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, რომ აპლიკაციის ჩინელმა მფლობელებმა თავიანთი წილები გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-მა TikTok დაბლოკოს. ამის შესახებ კომპანიის პრესსპიკერმა ბრუკ ობერვეტერმა Reuters-ს განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიამ ინფორმაცია შეიტყო უცხოური ინვესტიციების კომიტეტისგან (CFIUS), რომელიც აშშ-ის ხაზინას ემორჩილება.
ეს ნაბიჯი არის ყველაზე დრამატული მათ შორის, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა და კანონმდებლებმა პოპულარული აპლიკაციის წინააღმდეგ გადადგეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში TikTok-ს პოტენციური აკრძალვა დაემუქრა. ბაიდენის წინამორბედმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა სცადა, 2020 წელს აპლიკაცია აეკრძალა, მაგრამ მისი წინადადება ქვეყნის სასამართლოებმა დაბლოკეს.
მიმდინარე კვირაში თეთრმა სახლმა სამთავრობო უწყებებს 30-დღიანი ვადა მისცა, რათა მათ თანამშრომლებს ფედერალურ მოწყობილობებზე ჩინური აპლიკაცია აღარ ჰქონდეთ.
TikTok-ის მიმართ არსებული ბრალდებების თანახმად, ის აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს და მას ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ამიტომ დაზვერვის ზოგიერთი სააგენტო მიიჩნევს, რომ სამთავრობო მოწყობილობებზე მისი ქონა საფრთხის შემცველია.
TikTok ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის არასოდეს შეასრულებს მომხმარებლის მონაცემების გაზიარების შესახებ ბრძანებას და ამტკიცებს, რომ მისი მუშაობის პრინციპი სხვა სოციალური მედიის კომპანიებისგან არაფრით განსხვავდება.
ByteDance-ის ინფორმაციით, მისი აქციების 60%-ს გლობალური ინვესტორები, 20%-ს თანამშრომლები, 20% კი მისი დამფუძნებლები ფლობენ.
TikTok-ს 100 მილიონზე მეტი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს.