
რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის შეთანხმება გუშინ მინიმუმ 60 დღით გახანგრძლივდა. გაერომ და თურქეთმა განაცხადეს, რომ შეთანხმება გახანგრძლივდა, მაგრამ მათ კონკრეტული ვადა არ დაუსახელებიათ.
უკრაინის თანახმად, შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა, თუმცა Reuters-ი წერს, რომ მოსკოვი პაქტს მხოლოდ 60 დღით განაახლებს.
გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში შეთანხმების გაგრძელება დამოკიდებული იქნება დასავლეთის ზოგიერთი სანქციის მოხსნაზე.
გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში შედგა და მის საფუძველზე, უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეული ექსპორტზე გავიდა. ხელშეკრულება ნოემბერში გახანგრძლივდა. ხელშეკრულების ვადა, გუშინ, 18 მარტს, იწურებოდა.
გაეროს სპიკერის სტეფან დუჟარიკის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გადამწყვეტია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში, ექსპორტირებულია თითქმის 25 მილიონი ტონა მარცვლეული. გადაზიდვის მთავარი მიმართულებები იყო ჩინეთი, იტალია, ესპანეთი, თურქეთი და ნიდერლანდები.