LIVE

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

17 ნოე 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 19 ნოემბერს ეწურება, 120 დღით გაგრძელდება. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა 120 დღით გაგრძელდება“, - წერს მინისტრიTwitter-ზე. 

სამინისტროს განცხადებით, ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმება სტამბოლში შედგა. 

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი 1 აგვისტოდან განახლდა.

შეთანხმება რუსეთმა გასულ თვეში რამდენიმე დღით დატოვა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, რამდენადაც ექსპორტის შეჩერებამ შეიძლება გლობალური საკვების დეფიციტი და შიმშილი გამოიწვიოს

უკრაინის მთავრობის მიერ ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტამბოლში დადებული მარცვლეულის შეთანხმების შედეგად, 1 აგვისტოს შემდეგ, უკრაინული პორტებიდან სულ 380 გემი გავიდა. მათ ჯამში აფრიკის, აზიის და ევროპის ქვეყნებს 8,5 მილიონი ტონა საკვები პროდუქტი მიაწოდეს. 

სიახლის შემდეგ, ხორბლის ფასი 2.6%-ით გაიაფდა და ბუშელზე $7.96 შეადგინა. გაიაფდა სიმინდიც, რომლის ფასი 1.4%-ით, ბუშელზე $6.56-მდე დაეცა.