LIVE

როგორ აისახება კონტრციკლური ბუფერის გაზრდა საპროცენტო განაკვეთებსა და დაკრედიტებაზე?

18 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 439
როგორ აისახება კონტრციკლური ბუფერის გაზრდა საპროცენტო განაკვეთებსა და დაკრედიტებაზე?

საბანკო ასოციაციის შეფასებით, ბანკებისთვის ბოლო პერიოდში დაწესებული ახალი მოთხოვნები, მათ შორის კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე გაზრდა, სესხებს გააძვირებს.

ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ კაპიტალის ახალი მოთხოვნები დაკრედიტების ტემპზეც იქონიებს გავლენას.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, კომერციული ბანკებისთვის ბუფერის შევსება პრობლემა არ იქნება, თუმცა ახალი რეგულაციები ბანკებისთვის კაპიტალის მოზიდვას გააძვირებს, რაც საბოლოოდ საბანკო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთებზეც აისახება.

“კონტრციკლური ბუფერი ცალსახად დამატებითი წნეხი იქნება საბანკო სექტორისთვის. ამ ბუფერთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ახალი მოთხოვნებიც, როგორიცაა მაგალითად, სისტემური ბანკებისთვის დაწესებული ბუფერები, ანგარიშგების ახალ სისტემაზე გადასვლა, მოგების გადასახადის გაზრდა. შესაბამისად, კონტრციკლური ბუფერის დაწესებაც უნდა განვიხილოთ როგორც კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი საბანკო სექტორში ზრდისთვის და ასევე ეს აისახება საბანკო პროდუქტების ფასზეც“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციისგან განსხვავებით, კონტრციკლური ბუფერის ამოქმედების შედეგად სესხების საპროცენტო განაკვეთებსა და დაკრედიტებაზე რაიმე არსებით გავლენას არ ელიან ეროვნულ ბანკში.

„საუბარია კაპიტალის 1% პუნქტით ზრდაზე და ვფიქრობთ, ეს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს როგორც საკრედიტო აქტივობაზე, ასევე დაკრედიტების ფასზე. ბუნებრივია, ნებისმიერ რეგულაციას გარკვეული გავლენა აქვს. თუმცა თუკი შევხედავთ დღევანდელ ვითარებას, როდესაც ბანკებს მაღალი მომგებიანობა აქვთ და საკმარისი კაპიტალი აქვთ, ეს დამატებითი მოთხოვნა მოკლევადიან პერიოდში მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას არ იქონიებს“, - განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებმა უფრო მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ.

აქამდე თუ ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნული იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1% იქნება. კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12 თვე ექნებათ.