LIVE

ბანკებს მეტი კაპიტალის დარეზერვება მოუწევთ - ამიერიდან ბუფერის განაკვეთი 1% იქნება

15 მარ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
ბანკებს მეტი კაპიტალის დარეზერვება მოუწევთ - ამიერიდან ბუფერის განაკვეთი 1% იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებმა უფრო მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ.

აქამდე თუ ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნული იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1% იქნება. კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12 თვე ექნებათ. ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შიდა წყაროებით, არსებული მომგებიანობისა და კაპიტალის ადეკვატურობის ბუფერებით შეძლებს.

კომიტეტის თანახმად, ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს.

"2023 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო აქტივების ხარისხი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესდა. წინა წლის მსგავსად, ბანკებმა 2023 წელი მნიშვნელოვანი მოგებით დაიწყეს, რასაც საკრედიტო აქტივობამ და მცირე საკრედიტო დანაკარგებმა შეუწყო ხელი. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების მეშვეობით, ბანკების უმეტესობამ კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღიდგინა. შესაბამისად, ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შიდა წყაროებით, არსებული მომგებიანობისა და კაპიტალის ადეკვატურობის ბუფერებით შეძლებს. რეგიონში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, კაპიტალის ბუფერების დაგროვება ბანკებს რისკების მიტიგაციაში დაეხმარება და სტრესის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსების გაგრძელებას და სწრაფ აღდგენას შეუწყობენ ხელს.

საკრედიტო აქტივობა მიმდინარე წლის განმავლობაში ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. 2023 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. გასული ორი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა მცირდება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება,"- ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.