
დღეს, გაფიცვების გამო გერმანიის ოთხ აეროპორტში ასობით ფრენა გაუქმდა.
გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-მ დუსელდორფის, კიოლნი/ბონის, შტუტგარდისა და ბადენ-ბადენის აეროპორტების პერსონალს ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გამო გაფიცვებისაკენ მოუწოდა.
კიოლნი/ბონის აეროპორტში 144 ფრენა გაუქმდა. დუსელდორფის აეროპორტმა, სადაც პარასკევისთვის 368 ფრენა იგეგმებოდა, განაცხადა, რომ მათი დიდი ნაწილი ასევე გაუქმდებოდა. “Verdi-ს გაფიცვების გამო დღეს ფრენები არ განხორციელდება”,- განაცხადა შტუტგარდის აეროპორტმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში გაფიცვები იყო ბერლინის, ბრემენისა და ჰამბურგის აეროპორტებში, სადაც კომერციული რეისების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულდა. მაღალი ინფლაციის ფონზე აეროპორტში დასაქმებულები ხელფასების ზრდას მოითხოვენ.