LIVE

ქარქაშაძე: უახლოეს თვეებში ქუთაისის აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ის სისტემას დავამონტაჟებთ

16 მარ 202313:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 621
ქარქაშაძე: უახლოეს თვეებში ქუთაისის აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ის სისტემას დავამონტაჟებთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უახლოეს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ისა და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემები დამონტაჟდება.

აეროპორტში სიახლეების დანერგვაზე, ასევე აეროპორტის ტერმინალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასთან დაკავშირებით, ქარქაშაძე ამსტერდამში Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს ხვდება და როგორც აცხადებს, შეთავაზებები უკვე მიიღო.  

,,ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე საინტერესო ფასის, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემა ავირჩიოთ. ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ ამ სისტემებისა და აღჭურვილობების წარდგენას მგზავრებისთვის და უახლოეს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ისა და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებს დავამონტაჟებთ. უახლოეს მომავალში, რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა და ადგილზე შეისწავლის ქუთაისის აეროპორტის საჭიროებებს“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, მათი მიზანია, აეროპორტში მისულ მგზავრს პერსონალთან კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმებისას ჰქონდეს, ყველა სხვა პროცედურაზე კი თვითმომსახურებით ისარგებლოს.  

„ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა. ანუ, როდესაც მგზავრი აეროპორტში მიდის, მას მომსახურე პერსონალთან პირველი კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დროს ექნება, ყველა სხვა პროცედურას თავად გააკეთებს, რაც დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ პერიოდში აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით ისარგებლოს.

ვცდილობთ, რომ საჭირო პროცედურები მგზავრებს რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ. გეგმაში გვაქვს საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - მგზავრს ბარგის გახსნა არ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს იქ განთავსებულ ნივთებს და თუ ეს დრო ახლა 1-1.5 წუთს საჭიროებს, შესაძლებლობაა, რომ დრო 30 წამამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა Passenger Terminal Expo 2023-ი დღეს სრულდება. 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს 1 900-ზე მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულსა და მოქნილს გახდის.

Passenger Terminal Expo-ს ფარგლებში გუშინ Skytrex-ის 2022 წლის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც თბილისისა და ბათუმი საერთაშორისო აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში მოხვდნენ.