LIVE

ღარიბაშვილი რუსულ კანონზე: ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ ის გავაკეთოთ, რაც ქვეყანას სჭირდება

07 მარ 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
ღარიბაშვილი რუსულ კანონზე: ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ ის გავაკეთოთ, რაც ქვეყანას სჭირდება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ "შეიძლება ბევრისთვის ეს მიუღებელი საკითხია, მაგრამ ხელისუფლება იმიტომაა, რომ ის გააკეთოს, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება".

პრემიერის განცხადების თანახმად, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს.

„მინდა ჩვენი საზოგადოებისთვის გავაკეთო შემდეგი განცხადება და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო ამ კანონპროექტზე. თქვენ იცით, რომ ორი ვერსია არის შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე, ე.წ. ამერიკული ვერსია, ანუ, როგორც მე ამიხსნეს და ეს ვიცით, რომ ასე არის, რეალურად, ამერიკული კანონის თარგმნა მოხდა და ამის გადმოტანა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი მიიღეს 1939 წელს, თუ არ ვცდები და მას შემდეგ ეს კანონი მოქმედებს, არსებობს, და მე ვფიქრობ, არავის არ გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ზოგადად, შემდეგი რამ მინდა ვთქვა ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე, ბოლო ათ წელიწადში, ყველამ კარგად ვიცით. რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს. ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველსმოკლებულია. გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის იყოს ეს მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს სდა ქვეყანას, ის გავაკეთოთ.

მაგალითად, ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მატი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორეს მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამჭვირვალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელს მსოფლიოში. თუნდაც, იგივე, ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ ნომერ პირველი. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ასე, რომ მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს, მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს.

ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით. ამის შემდეგ, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა განმარტეს, ეს კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს განხილვას და მსჯელობას ამ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

კანონპროექტების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.