LIVE

არა რუსულ კანონს! - ტურისტული კომპანიების პროტესტი ITB Berlin-ზე

08 მარ 202313:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
არა რუსულ კანონს! - ტურისტული კომპანიების პროტესტი ITB Berlin-ზე

გერმანიაში, სადაც საქართველო ავტორიტეტული გამოფენის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა, ტურისტული კომპანიების ნაწილმა რუსული კანონი გააპროტესტა.

"ტურისტული კომპანიები ბერლინის გამოფენიდან ვუერთდებით თბილისში მიმდინარე პროტესტს. არა რუსულ კანონს!",- წერს სოციალურ ქსელში BB Travel-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ბერლინში, მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტენდთან ოფიციალურად გახსნა. გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ეკონომიკური ზრდით კიდევ ერთხელ მოიწონა თავი და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად, "დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია".

რუსულ კანონთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ კომენტარში კი, ღარიბაშვილმა თქვა, რომ "შეიძლება ბევრისთვის ეს მიუღებელი საკითხია, მაგრამ ხელისუფლება იმიტომაა, რომ ის გააკეთოს, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება".

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.