LIVE

სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ

26 თებ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 553
სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ

სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა

"დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი,  გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამჟამად მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. 

9 თებერვალს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც სებ-ის პრეზიდენტს, 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.  

გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. მისი განცხადებით, ცვლილებები „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია“. 

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.