
მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $12.5 მილიარდით გაიზარდა. ეს ერთ დღეში მისი სიმდიდრის ყველაზე დიდი მატებაა.
Meta Platforms-ის 38 წლის აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად $69.8 მილიარდს ფლობს და Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მე-13 ადგილს იკავებს.
2022 წელს მას ჰქონდა მრავალი ყოველდღიური აღმავლობა და ვარდნა: გასული წლის თებერვალში მან ჯერ $31 მილიარდი დაკარგა, აპრილში $11 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება, ხოლო ოქტომბერში არასახარბიელო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ოდენობის ქონება დაკარგა.
მილიარდერმა განაცხადა, რომ 2023 წელი მისი სოციალური მედიის გიგანტისთვის - Meta Platforms-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნებოდა.
კომპანიის კაპიტალიზაცია გუშინ 23.3%-ით გაიზარდა, რასაც წინ კვარტალური შემოსავლების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებელი უძღოდა.
Meta-სთან ერთად გაიზარდა სხვა ტექნიკური კომპანიების აქციებიც, თუმცა ვაჭრობის დახურვის შემდეგ, Apple-მა და Amazon.com-მა შემოსავლების შესახებ არასახარბიელო მონაცემები გამოაქვეყნეს, რაც სექტორის ზრდის შანსს ამცირებს.