LIVE

ბანკები: უვადო ლიცენზია ტაქსის მძღოლებს ავტოსესხის აღებას გაუმარტივებს

02 თებ 202317:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 4253
ბანკები: უვადო ლიცენზია ტაქსის მძღოლებს ავტოსესხის აღებას გაუმარტივებს

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, სხვა ცვლილებებთან ერთად, A კატეგორიის ტაქსებისთვის უვადო ნებართვის გაცემას გულისხმობს, რაც სამომავლოდ მათთვის ფასიანი აქტივის როლს შეასრულებს.

მაგალითად, საბანკო სექტორი ამ ნებართვას ერთგვარ უზრუნველყოფად განიხილავს მას შემდეგ, რაც A კატეგორიის ნებართვას ბაზარზე ღირებულება მიენიჭება. შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნებართვის მფლობელის დაკრედიტება ნაკლებ რისკიანი და უფრო მიმზიდველი იქნება. 

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, უვადო ნებართვის პირობებში, ტაქსის მძღოლებს ახალი ავტომობილების სესხით ყიდვა გაუმარტივდებათ.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი წინ გადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ზრუნვა ხდება ტრანსპორტის ამ ნაწილზე ქალაქში. ეს იძლევა საშუალებას, რომ მომავალში ფინანსური ინსტიტუტები ჩაერთონ მანქანების დაფინანსებაში, რომელიც დაკავშირებულია ამ ლიცენზიასთან. ეს საშუალებას მისცემს მძღოლებს დააფინანსონ ახალი მანქანების ყიდვა და შესაბამისად, ქალაქიც მიიღებს უფრო განახლებულ ავტოპარკს“,- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

მერია პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. რეფორმის პრეზენტაციაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ ტაქსის 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება. ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა - ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა.