LIVE

ენერგეტიკული ბირჟა ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე სატესტო ვაჭრობას იწყებს

02 თებ 202315:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1119
ენერგეტიკული ბირჟა ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე სატესტო ვაჭრობას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი) 13 თებერვალს, პლატფორმის საშუალებით, ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე სატესტო ვაჭრობას იწყებს. სენბი-ს ინფორმაციით, ბირჟამ ამ მიზნით მზადება უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 7 თებერვალს ტრენინგი გაიმართება. ტრენინგის თემებია:

  • დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელი ძირითადი ნორმები;
  • დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და ფასის შეთავაზების პრინციპები;
  • დღიური ბაზრის პლატფორმა და მომხმარებლის გზამკვლევი;
  • სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპები (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია).

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა მაშინ მისი გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა. მოგვიანებით ბირჟის ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ 1 მარტამდე, შემდეგ კი 1 სექტემბრამდე გადაიდო. გასული წლის აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და ელექტროენერგიაზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება, ზედმეტი რისკების შემცველია.