LIVE

ომის ფონზე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ზედმეტი რისკების შემცველია - მინისტრი

22 აგვ 202216:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 700
ომის ფონზე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ზედმეტი რისკების შემცველია - მინისტრი

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება შესაძლოა მეოთხედ გადაიდოს. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და ელექტროენერგიაზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება, ზედმეტი რისკების შემცველია.

„ვითვალისწინებთ რისკებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას. იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა, მრეწველობის სხვადასხვა დარგი და მათ შორის მოსახლეობის ინტერესები, ამ საკითხს ჯერ კიდევ ვაანალიზებთ.

დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო, რომ ბაზარი თავისუფალ რეჟიმში ფუნქციონირებდეს, რადგან ახლა რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, რაც ოდესმე ყოფილა. საომარი მოქმედებები მიდის ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს შორის. ჩვენი მეზობლები საომარ ვითარებაში არიან ჩართული. შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხები ცალსახად კიდევ სხვა ჭრილში გადადის. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ეს არის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტების შემცველი. დავინახეთ ძალიან არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ვითარება ენერგორესურსებისა და ფასების მიმართ. სხვადასხვა ენერგორესურსზე ფასების მკვეთრი მატებაა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ელექტროენერგიაში იყრის თავს.

იმ პირობებში, როდესაც მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ იციან როგორი ზამთარი იქნება, რეგიონის ბევრი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია და ვერ პროგნოზირებს როგორი იქნება ფასები, ან ფიზიკური უზრუნველყოფა ენერგომატარებლებით, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიაზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება, ზედმეტი რისკების შემცველია, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ტექნიკური კუთხით ყველაფერი გაკეთებული აქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟა, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა მაშინ მისი გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა. მოგვიანებით ბირჟის ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ 1 მარტამდე, ბოლოს კი 1 სექტემბრამდე გადაიდო.